logo
ENG



"მონებო" - თელავის პროკურატურასთან აქტივისტები აქციას მართავენ

22 იან 202116:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/22/2k2tw6gd0a4z3qp.png

თელავის იუსტიციის სახლთან, სადაც ასევე პროკურატურა მდებარეობს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ის აქტივისტები და მათი მხარდამჭერები მართავენ, რომლებიც თელავის თეატრის წინ დადგმულ კარავში იმყოფებოდნენ და რომელსაც ავტომობილი ორჯერ დაეჯახა. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ პროკურორთან შეხვედრა უნდათ. მათივე განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე დაწყებული გამოძიების მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს, რადგან ამ ეტაპზე გამოძიება სხვისი ქონების დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებისთვის გაუგებარია ეს მუხლი, რადგან კარავში მყოფი აქტივისტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. აღსანიშნავია, რომ ავტომობილის მძღოლი ამ დრომდე დაკავებული არ არის. 

ადგილზე ასევე იმყოფება პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია. ის ერთერთ დაზარალებულთან ერთად პროკურატურის შენობაში შესვლასა და პროკურორთან გასაუბრებას ითხოვს, თუმცა მას ამის საშუალებას ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს. იუსტიციის სახლის შენობის კარი ჩაკეტილია და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის კორდონია განლაგებული. შენობაში შესვლის საშუალება არც სხვა რიგით მოქალაქეებს აქვთ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მონებო". 

"კარი დაკეტეს, როგორც კი დაინახეს, რომ ვაპირებდი შესვლას. აქ არავინს შესვლას არ აპირებს, მხოლოდ დაზარალებული და მე ვაპირებთ შიგნით შესვლას. არავინ აპირებს შევარდნას. ეს არის მოთხოვნა, რომ მე და დაზარალებული შევხვდეთ პროკურორს და მოვთხოვოთ პასუხი - როდესაც მოქალაქე თავს ესხმის და სიცოცხლის საფრთხეს შეიცავს ეს თავდასხმა, რატომ არ იძიებენ ამ საქმეს?! პასუხს აუცილებლად მოვთხოვთ. რამდენი ხანი უნდა ჩაკეტონ, სანამ არ გახსნიან ვიქნებით აქ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

თელავის თეატრის წინ არჩევნების გაყალბების პროტესტის ნიშნად გაშლილ საპროტესტო კარავს ავტომობილი ორჯერ დაეჯახა. პირველად - 1 იანვარს, ხოლო 5 იანვარს მსგავსი შემთხვევა განმეორდა. აქტივისტებმა კარავი თელავის თეატრის წინ 6 დეკემბერს გაშალეს. 

"არჩევნების გაყალბება ისჯება კანონით", "საქართველო ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ" - სწორედ ეს წარწერებია მიმაგრებული კარავზე, რომლის მთავარი მიზანიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროტესტია. 

საპროტესტო კარვები ანალოგიური მოთხოვნებით გაშლილია ქვეყნის მასთაბით სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბათუმში, მთავრობის სახლთან. 


close დახურვა